რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს რუსულ მხარეს ეცნობა აზერბაიჯანული მხარის სერიოზული შეშფოთებისა და მკაცრი პროტესტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მედია-ინფორმაციულ სივრცეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აზერბაიჯანელი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებულ პროვოკაციულ, შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებთან.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა 2026 წლის 13 აგვისტოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემაში აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. გარდა ამისა, აღინიშნა 7 აგვისტოს „სპუტნიკ რადიოს“ ეთერში გასული განცხადება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანის შესახებ, ისევე როგორც 9 აგვისტოს YouTube-ზე და 16 აგვისტოს Spas TV-ის ეთერში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ შეურაცხმყოფელი მასალებისა და პროვოკაციული განცხადებების განმეორებითი გამოქვეყნება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო ჩარევის შესახებ დისკუსიები, ასევე აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებები.

აღინიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ მსგავსი საქმიანობისა და სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე ამ საკითხის განხილვის შეწყვეტის შესახებ არაერთი მოწოდების მიუხედავად, მსგავსი რიტორიკის კიდევ უფრო მკაცრი ფორმით გაგრძელება სერიოზული შეშფოთების საგანია.