1747684516
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა - რა განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტები

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. უკვე ორივე პრეზიდენტმა გააკეთა შესაბამისი განცხადება.
"ახლახან დავასრულე ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ჩემი შეფასებით, საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით. პირობები ამ პროცესისთვის მოლაპარაკების გზით გაიწერება, როგორც საჭიროა, რადგან მხოლოდ მხარეებს გააჩნიათ იმ დელიკატური დეტალების ცოდნა, რაც გარედან არავისთვის არის ცნობილი.
საუბარი ძალიან დადებითი ტონითა და სულისკვეთებით წარიმართა — და რომ არ ყოფილიყო ასეთი, ამას ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს მასშტაბური ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ, რაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა“ დასრულდება, და მე ამას ვეთანხმები. რუსეთის წინაშეა უდიდესი შესაძლებლობა, შექმნას სამუშაო ადგილები და დიდი მოცულობის სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ასევე, უკრაინაც შეძლებს დიდი სარგებლის მიღებას ვაჭრობის გზით — საკუთარი ქვეყნის აღდგენის პროცესში.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის თაობაზე უკვე მივაწოდე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.
ვატიკანმა, რომის პაპის სახელით, გამოთქვა დიდი სურვილი, უმასპინძლოს აღნიშნულ მოლაპარაკებებს. მოდი, დავიწყოთ ეს პროცესი!" - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ გვერდზე.
„დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.
ვლადიმერ პუტინის ცნობით, დონალდ ტრამპს მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა.
ამასთან, მისი თქმით, „რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ“.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამის შესახებ ინფორმაციას ,რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ცნობისთვის, პუტინთან საუბრის დაწყებამდე, ტრამპი ზელენსკის ელაპარაკა. მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ "მიზანი - პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ "ცეცხლის შეწყვეტაა". მისივე თქმით, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა.