რუსეთი არ აღიარებს ირანის მიმართ გაეროს მიერ სანქციების აღდგენას - გაეროში რუსეთის ელჩი

ვასილი ნებენზია

რუსეთი არ აღიარებს ირანის მიმართ გაერო-ს მიერ სანქციების აღდგენას, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომლებმაც აღადგინეს სანქციები, აცხადებენ, რომ ღია არიან დიპლომატიური გადაწყვეტებისთვის, თუმცა მათ უკვე დაკარგეს დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა უკანონო პროცედურის ამოქმედებით, რადგან თავად არიან დამრღვევები. ჩვენ არ ვაღიარებთ სანქციების აღდგენას. ეს ქმნის პრობლემას და როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, დავინახავთ“, – განაცხადა ნებეზნიამ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის დაწყებას მიეძღვნა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ათი წლის შემდეგ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციები კვლავ ამოქმედდა. საქმე ეხება სანქციებს, რომელთა მოქმედებაც 2015 წელს შეჩერდა, როდესაც ირანმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თეირანმა პირობა დადო, რომ საკუთარი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს უზრუნველყოფდა.