რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, დრონი ჩამოვარდა

დრონი

 ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა და უკრაინის საზღვართან ახლოს, ტულჩას ოლქში ჩამოვარდა. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადიოლოკაციურმა სათვალთვალო სისტემამ „უკრაინის საზღვართან ჰაერში მყოფი სამიზნეების ჯგუფი“ ადგილობრივი დროით დილის 02:23 საათზე დააფიქსირა.

სიტუაციაზე დაკვირვების მიზნით ქვეყანამ ჰაერში ორი ესპანური F-18 ტიპის თვითმფრინავი აწია. გარდა ამისა, საჰაერო დაზვერვის ჩასატარებლად რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი IAR-330 SOCAT აფრინდა.

როგორც იტყობინებიან, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ქალაქ გალაციდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში შევიდა, ხოლო დილის 03:24 საათზე იგი ტულჩას ჟუდეცის სოფელ გრინდუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.

საფრენი აპარატის მიწასთან შეჯახების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელიც თავისით ჩაქრა. მსხვერპლის ან მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შემთხვევის ადგილზე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი გაიგზავნა. საჰაერო განგაში დილის 3:52 საათზე გაუქმდა.