როცა ტვინი საკუთარ "ხმას" ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია დადასტურდა

ჰალუცინაცია

 შიზოფრენიის დროს სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება იმ მექანიზმით ჩნდებოდეს, რომ ტვინი შინაგან მეტყველებას გარედან გაგონილად აღიქვამს. ეს თეორია დიდი ხანია არსებობს, ახალი კვლევა კი მის მართებულობაზე მიანიშნებს.

„ეს მოსაზრება 50 წელია არსებობს, თუმცა ძალიან რთული შესამოწმებელი იყო, რადგან შინაგანი მეტყველება არსებითად პრივატულია", — აცხადებს ტომას უიტფორდი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევარი ფსიქოლოგიის მიმართულებით.

უიტფორდმა და მისმა კოლეგებმა კვლევა ჩაატარეს, რათა შეემოწმებინათ, როგორ რეაგირებს ტვინი შინაგან მეტყველებაზე. ამ ორგანოში ელექტრული აქტივობის გასაზომად ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენეს; შეაფასეს ისიც, თუ როგორ რეაგირებს შიზოფრენიის მქონე ადამიანთა ტვინები სმენით ჰალუცინაციებზე.

„როცა ვსაუბრობთ — თუნდაც გონებაში — აქტივობა იკლებს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც გარედან მომავალი ხმების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი", — განმარტავს უიტფორდი — "ეს იმის გამოა, რომ ტვინი ჩვენივე ხმას პროგნოზირებს. მეორე მხრივ, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ეს წინასწარმეტყველება არასწორად მიდის, ტვინი კი ისე რეაგირებს, თითქოს ხმა სხვა ადამიანისგან მოდიოდეს".

კვლევა მონაწილეების (ცდისპირების) სამ ჯგუფზე ჩაატარეს: შიზოფრენიის მქონე 55 ადამიანი, რომელთაც ბოლო დროს სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდათ; შიზოფრენიის მქონე 44 ადამიანი, რომელთაც ახლო წარსულში სმენითი ჰალუცინაციები არ განუცდიათ; 43 ადამიანი, რომელთაც შიზოფრენიის არანაირი ისტორია არ ჰქონდათ.

მონაწილეებს ყურსასმენებში ხმისთვის უნდა მოესმინათ, მისი გაგონების პარალელურად კი გონებაში "ბაჰ" ან "ბიჰ" ეთქვათ სურვილისამებრ. ხმებიც "ბაჰ" ან "ბიჰ" იყო, თუმცა ცდისპირებმა არ იცოდნენ, თავიანთივე შინაგანად წარმოთქმული სიტყვა დაემთხვეოდა თუ არა ყურსასმენებიდან გაგონილს.

როცა შინაგანი მეტყველება გარედან შემოსულ ხმას ემთხვეოდა, ტვინი ბევრად ძლიერად რეაგირებდა იმ მონაწილეებში, რომელთაც ახლო წარსულში სმენითი ჰალუცინაციები ჰქონიათ.

"ჯანმრთელი ადამიანებისთვის შინაგანი მეტყველება ტვინის აქტივობას ისევე ამცირებს, როგორც ხმამაღლა საუბარი", — აცხადებს უიტფორდი — "მეორე მხრივ, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ტვინის აქტივობა არ მცირდება. მეტიც, ტვინი შინაგან მეტყველებაზე უფრო ძლიერად რეაგირებს, თითქოს სხვა ადამიანისგან მოდიოდესო. შეიძლება ამის დახმარებით ავხსნათ, რატომ აღიქმება ხმები ასე რეალურად".

გამოდის, შიზოფრენიის დროს "ხმები" შეიძლება რეალურად ადამიანისავე შინაგანი მეტყველება იყოს, რომელიც ტვინს შეცდომით ჰგონია გარედან მომავალი. მიგნებები შეიძლება ექიმებს ფსიქოზის რისკის დანახვაში დაეხმაროს — მანამდეც კი, სანამ პრობლემა გაჩნდება; ეს ადრეული ჩარევის საშუალებასაც მოგვცემს.