„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაას წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, ალ შარაა მომდევნო კვირაში აშშ-ში ვიზიტით ჩადის და დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.
რეზოლუციის პროექტი, რომელსაც „როიტერის“ ჟურნალისტები გაეცნენ, ითვალისწინებს სანქციების გაუქმებას სირიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბისთვისაც. ჯერ უცნობია, როდის უყრიან კენჭს რეზოლუციას. დოკუმენტის მისაღებად, სულ მცირე, ცხრა ხმა არის საჭირო, ასევე რეზოლუციას ვეტო არ უნდა დაადონ რუსეთმა, ჩინეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
ვაშინგტონი, უკვე რამდენიმე თვეა, მოუწოდებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრს, შეამსუბუქონ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ცნობისთვის, სირიაში 13-წლიანი სამოქალაქო ომი შარშან, დეკემბერში სრიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დამხობით დასრულდა. ეს მოხდა ისლამისტური ორგანიზაციის, „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ წევრების შეტევის შედეგად, რომელსაც სირიის მოქმედი პრეზიდენტი აჰმედ ალ შარაა ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წლამდე ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ქაედას“ შემადგენლობაში შედიოდა. „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციები 2014 წლიდან აქვს დაწესებული. ამასთან, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, გაერო სირიის მოქმედ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლებას გამონაკლისის სახით აძლევს ხოლმე და იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცება ვერ მოხერხდება, სირიის ლიდერი ვაშინგტონში, სავარაუდოდ, მაინც უპრობლემოდ ჩავა.