1746546003
„როიტერი“ - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის ოფისიდან გაიცა და ამის შესახებ თეთრ სახლში არაფერი იცოდნენ

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის ოფისიდან იქნა გაცემული და ამის შესახებ თეთრ სახლში არაფერი იცოდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ იუწყება, 30 იანვარს, ოვალურ კაბინეტში უკრაინის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პიტ ჰეგსეტი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სხვა მაღალჩინოსნები.
წყაროს ცნობით, ამ შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრეზიდენტს ასეთი განკარგულება არ გაუცია. პენტაგონიდან გაიცა ბრძანება, რომელიც სამ სატვირთო ავიაკომპანიას უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვებითა და სხვა შეიარაღებით დატვირთული 11 რეისის შეჩერებას ავალებდა.
შედეგად, 2 თებერვალს, ვაშინგტონში უკრაინიდან და პოლონეთიდან განხორციელდა სატელეფონო ზარები კითხვებით, ვინ გასცა განკარგულება რეისების შეჩერებაზე, რომელიც მალევე, 5 თებერვალს განახლდა. როგორც მედია წერს, გაირკვა, რომ არც დონალდ ტრამპმა და არც სხვა მაღალჩინოსნებმა არ იცოდნენ ჰეგსეტის მიერ გაცემული განკარგულების შესახებ. „ტრანსკომში“ აცხადებენ, რომ ეს ბრძანება თავდაცვის მდივნის ოფისიდან მიიღეს და რეისების გაუქმება 2.2 მილიონი დოლარი დაუჯდათ.