ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
სავარაუდოდ, წონის კლების საკითხში ინტერვალურ შიმშილზე დაფუძნებული დიეტები ტრადიციული (კალორიული დეფიციტის) დიეტების მსგავსად მოქმედებს.
ახალი კვლევის თანახმად, დღეჩაგდებით შიმშილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე კალორიული დეფიციტი ან შიმშილის სხვა მიდგომები. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მიგნების გასამყარებლად უფრო დიდხნიანი ცდებია საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, ჭარბი წონა დაახლოებით 2,5 მილიარდ ზრდასრულს აწუხებს. ეს ზრდასრული მოსახლეობის 43%-ს შეადგენს. ხოლო სიმსუქნე 890 მილიონ ადამიანს (16%) აღენიშნება.
წონაში კლებამ შეიძლება კარდიომეტაბოლური რისკფაქტორები შეამციროს, მაგალითად, მაღალი სისხლის წნევა, ქოლესტეროლი და სისხლში შაქრის დონე. ეს, თავის მხრივ, ისეთი ქრონიკული პრობლემების რისკს შეამცირებს, როგორებიცაა, მეორე ტიპის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
ინტერვალური შიმშილის სტრატეგიები
ინტერვალური შიმშილი ჭამასა და შიმშილს შორის რეგულარული განრიგით მონაცვლეობას გულისხმობს. იგი კალორიული დეფიციტის პოპულარული ალტერნატივაა.
კვების ეს კანონზომიერება სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:
- დროში შეზღუდული კვება (მაგალითად, 16:8 დიეტა — 16 საათის განმავლობაში შიმშილი და 8 საათის განმავლობაში კვება).
- დღეჩაგდებით შიმშილი.
- მთელი დღე შიმშილი (5:2 დიეტა — 5 დღე შეუზღუდავი კვება და 2 დღე შიმშილი).
აღსანიშნავია, რომ სხვა დიეტებთან შედარებით ინტერვალური შიმშილის ჯანმრთელობაზე გავლენა ბუნდოვანია.
სწორედ ამიტომ მკვლევრებმა 99 რანდომიზებული კლინიკური ცდის შედეგი გააანალიზეს. ეს 6 582 ზრდასრულის მონაცემებს გულისხმობს, რომელთაგან 66% ქალია, ცდის პირების საშუალო ასაკი კი 45 წელია. კვლევის მონაწილეთა საშუალო სხეულის მასის ინდექსი (BMI) 31 იყო, მათ 90%-ს კი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ცდები 3-იდან 52 კვირამდე პერიოდში ტარდებოდა (საშუალოდ 12 კვირის განმავლობაში). ექსპერიმენტები სხვადასხვა ხარისხის იყო. ამისდა მიუხედავად, მკვლევრებმა მიკერძოების რისკი და მტკიცებულებათა სიზუსტე ფართოდ აღიარებული ხელსაწყოებით შეაფასეს.
სხვადასხვა დიეტის გავლენა წონაში კლებაზე
შესაძლოა, სტანდარტულ დიეტებთან შედარებით ინტერვალური შიმშილის ყველა სტრატეგიამ და ენერგიის მუდმივმა შეზღუდვამ წონის მცირედი კლება გამოიწვიოს.
დღეჩაგდებით შიმშილი ინტერვალური შიმშილის ერთადერთი სტრატეგია აღმოჩნდა, რომელიც, ენერგიის უწყვეტ შეზღუდვასთან შედარებით, წონის შემცირების მხრივ სარგებელს აჩვენებს (საშუალო განსხვავება -1,29 კგ იყო).
გარდა ამისა, დღეჩაგდებით შიმშილმა სარგებელი დროში შეზღუდულ კვებასა და მთელი დღით შიმშილთან შედარებითაც აჩვენა (საშუალო განსხვავება -1,69 კგ და -1,05 კგ იყო).
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ სხვაობებმა კლინიკური ზღვრის მინიმალური მაჩვენებელი ვერ გადალახა, რომელიც 2 კგ-ს გულისხმობს.
ქოლესტეროლსა და სისხლში შაქრის დონეზე გავლენა
დროში შეზღუდულ კვებასთან შედარებით, დღეჩაგდებით შიმშილობა სრული და "ცუდი" ქოლესტეროლის უფრო დაბალ დონესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. მთელი დღით შიმშილობასთან შედარებით კი, დროში შეზღუდული კვება ქოლესტეროლის დონის მცირედ მატებასთან იყო კორელაციაში. მეორე მხრივ, დიეტის არცერთი სტრატეგია არც სისხლში შაქრის დონესთან და არც "კარგ" ქოლესტეროლთან აღმოჩენილა კავშირში.
მკვლევრები რამდენიმე შეზღუდვას აღნიშნავენ, მაგალითად, კვების სტრატეგიათა შედარებებში მაღალ ვარიაციულობას (ჰეტეროგენულობას), ცდების შეზღუდულ რაოდენობას და მტკიცებულებათა სიზუსტის დაბალ/საშუალო მაჩვენებელს.
რა უნდა დავასკვნათ ამ ყველაფრისგან?
ამ კვლევის მიზანი უნივერსალური სტრატეგიის განსაზღვრა არ ყოფილა. მეცნიერებს სურთ, რომ დღეჩაგდებით შიმშილი ერთ-ერთ დამატებით არჩევანად განიხილებოდეს. ისინი ხაზს იმასაც უსვამენ, რომ კვების ამ სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში, მეორე დღეს მიღებული საკვების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში დანერგვადი იყოს.