Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა, - წერს საუნფორმაციო სააგენტო Reuters.

„მათ არ სურთ იმ პრობლემების „პანდორას ყუთის“ გახსნა, რომლებიც, მათი შიშით, შესაძლოა სწრაფ გაწევრიანებას მოჰყვეს“, - ნათქვამია სტატიაში.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რუსეთთან ომის დასასრულებლად გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2027 წელი განისაზღვროს.

თუმცა, დიპლომატების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა - მათ შორის ისეთმა გავლენიანმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია - პირად საუბრებში სკეპტიციზმი გამოხატეს გაწევრიანების პროცესის შესაძლო რეფორმის მიმართ.

სააგენტო Reuters რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს ესაუბრა. მათგან ბევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ამ იდეის მიმართ გარკვეული მერყეობა შეინიშნება.

მათი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ თუ უკრაინა და სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრობას წინასწარვე მიიღებენ, ისინი აღარ გააგრძელებენ რეფორმების გატარებას, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლას.