Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

რებეკა გრინსპანი

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მეორე ადგილზეა გაიანას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კეროლინ როდრიგეს-ბირკეტი.

ერთ-ერთი დიპლომატის ცნობით, სულ წარდგენილ შვიდ კანდიდატს შორის „სიურპრიზად“ იქცა მესამე ადგილზე გასული რაფაელ გროსი - არგენტინელი დიპლომატი, რომელიც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობს.

უშიშროების საბჭოს 15 წევრს შორის გამართულ არასავალდებულო კენჭისყრაში გრინსპანმა 10 მხარდამჭერი ხმა მიიღო, როდრიგეს-ბირკეტმა - 9, ხოლო გროსიმ - 7 ხმა.