Reuters: ბრიტანეთი და ჩინეთი კირ სტარმერის ვიზიტის ფარგლებში „ოქროს ხანის“ ბიზნეს დიალოგს აღადგენენ

კირ სტარმერი

მომავალ კვირას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ლონდონი და პეკინი „ოქროს ხანის“ ბიზნეს დიალოგის აღდგენას შეეცდებიან. ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters-ი 3 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ფორმატში ამ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად ორივე მხრიდან კომპანიების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელები არიან მიწვეულნი.

წყაროების თანახმად (რომლებიც როგორც ჩინურ, ისე ბრიტანულ მხარეს წარმოადგენენ), განახლებულ „დიდი ბრიტანეთი-ჩინეთის აღმასრულებელი დირექტორების საბჭოს“ შეუერთდებიან ისეთი ბრიტანული ფირმები, როგორებიც არიან: AstraZeneca, BP, HSBC, Intercontinental Hotels Group, Jaguar Land Rover, Rolls Royce, Schroders და Standard Chartered.

ჩინურ მხარეს სხვა კომპანიებთან ერთად წარმოადგენენ: Bank of China, China Construction Bank, China Mobile, Industrial and Commercial Bank of China, China Railway Rolling Stock Corporation, China National Pharmaceutical Group და BYD.

საბჭოს იდეა თავდაპირველად 2018 წელს გაჩნდა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეისა და პრემიერ ლი კეციანის ინიციატივით, იმ პერიოდში, რომელსაც ორივე მხარე ურთიერთობების „ოქროს ხანას“ უწოდებდა.