Reuters: აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასატოვებლად ემზადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

აშშ ხუთშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლი ამ ნაბიჯს დგამს მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა არაერთხელ გააფრთხილეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება ნეგატიურად აისახება ამერიკელების ჯანმრთელობაზე, აგრეთვე ეს იქნება აშშ-ის კანონის დარღვევა, რომელიც ვაშინგტონს ავალდებულებს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს სააგენტოს 260 მილიონი დოლარი მოსაკრებლის სახით გადაუხადოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2025 წელს, გაპრეზიდენტების პირველ დღეებში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უნდა დაეტოვებინა. ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, ვაშინგტონმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გაერო ერთი წლით ადრე უნდა გააფრთხილოს და ყველა ფინანსური ვალდებულება დახუროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვერ ახერხებს ვაშინგტონთან ინფორმაციის გაცვლას და მართვას, რაც ამერიკას ტრილიონობით დოლარი უჯდება. ამის გამო პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეაჩერა ორგანიზაციის მხარდაჭერა, წერს Reuters-ი.

„ამერიკელმა ხალხმა საკმარისი გადაუხადა ამ ორგანიზაციას, აღნიშნული ეკონომიკური ზარალი ჩვეულებრივი საწევროს გადახდის ფარგლებს სცდება“, - ციტირებს სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს.

აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ორგანიზაციაში დაბრუნდება.