1730457694
რა ვიცით 82 წლის ნენსი პელოსიზე – მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ლიდერი
ტაივანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტმა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი შეცვალა. ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება და მის მიერ არაღიარებულ რესპუბლიკაში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს კატეგორიულად გმობს. ოფიციალურმა პეკინმა ტაივანის საზღვრებთან სამხედრო ძალის მობილიზება მოახდინა და საგანგებო წვრთნებიც დაანონსა. ანალიტიკოსთა ნაწილი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუარესებაზე საუბრობს, ნაწილი კი უფრო შორს მიდის და ახალ შეიარაღებულ კონფლიქტსაც პროგნოზირებს.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთადერთი არ არის, ვისთვისაც ნენსი პელოსი დიდი თავისტკივილი გახდა. წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს ღიად უწოდა ლაჩარი და აქტიურად ლობირებს, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების იდეას. ნენსი პელოსი იქცა ასევე დონალდ ტრამპის “ღამის კოშმარად“. იგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 52-ე და პირველი ქალი სპიკერია. იგი თავის საქმიანობას, ჯერ 2007-დან 2011 წლამდე ასრულებდა, შემდეგ კი ხელმეორედ, ამავე პოზიციაზე 2019 წელს დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე იკავებს.
როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი „საპრეზიდენტო მემკვიდრეობის ხაზში“ მეორე ადგილს იკავებს. ანუ, თუ სახელმწიფოს პრეზიდენტს რაიმე შეემთხვა და იგი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, ჯერ ვიცე-პრეზიდენტს, თუ არადა, შემდეგ პალატის სპიკერს (ამ შემთხვევაში – ნენსი პელოსს) გადაეცემა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნენსი პელოსის ურთიერთობა დიდი ხანია ამერიკულ პოლიტიკურ შუღლად გადაიქცა.
ურთიერთობები 2019 წელს გამწვავდა. პელოსი სენატში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას იქამდე ისმენდა, სანამ დონალდ ტრამპი განაცხადებდა, რომ პოლიტიკოსებმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვან და თანამშრომლობა უნდა დაიწყონ. სწორედ, ამ დროს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ფეხზე წამოდგა და ცინიკური გამომეტყველებით პრეზიდენტს ტაში დაუკრა. მომხდართან დაკავშირებით, სოციალური ქსელები „ტაშის ამსახველმა ვიდეო და ფოტომასალებმა მოიცვა.
თვალშისაცემია ის მომენტიც, როდესაც ნენსიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა წამოაყენა. მისი თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიწვევის სანაცვლოდ, ჯო ბაიდენზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. საბოლოოდ, პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნეს. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კათოლიკური შობის მეორე დილით, აშშ-ის წარმომადგენეთა პალატის სპიკერი, თავის განცხადებაში, Twitter-ზე „გიჟად“ მოიხსენა.
„რატომ უნდა იყოს გიჟი ნენსი პელოსი უფლებამოსილი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამოიწვიოს…“ – ნათქვამია განცხადებაში.
2020 წლის 4 თებერვალს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ State of the Union-ზე სიტყვით გამოდიოდა, მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ხელი არ ჩამოართვა. საპასუხოდ, პელოსიმ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპის მიმართვის ტექსტი დახია. ამის გამო, თეთრმა სახლმა ნენსი გააკრიტიკა, თუმცა სპიკერმა თავის Twitter-ზე, მაინც დაწერა – „დემოკრატები არასდროს შეწყვეტენ მეგობრობის ხელის გაწვდენას ხალხისათვის სამსახურის შესასრულებლად/მხარდასაჭერად. ვიმუშავებთ სხვებთან, სადაც კი შეგვიძლია, მაგრამ ბოლომდე ვიდგებით იქ, სადაც არ შეგვეძლება“. 2020 წლის 24 სექტემბერს, პელოსიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ტრამპის სიგიჟის შესახებ. „არ მაინტერესებს, თუ რას უწოდებს ხალხს. მან იცის, რომ გიჟია. ეს აშკარაა. გულწრფელად ვამბობ, რომ მე მას ბევრ ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, ეს მართლაც სამწუხარო მდგომარეობაა. მასზე არც ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენეთა პალატის სპიკერმა.
აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის მომხრეებმა ნენსი პელოსის სახლზე ვანდალური აქტიც განახორციელეს. ინფორმაციას Today ავრცელებს. წყაროს ცნობით, პალატის სპიკერის ავტოსადგომზე პოლიტიკური შეტყობინებაც იყო დატოვებული – „2K”. შეტყობინება იმ ფულს ეხებოდა, რომლის საზოგადოებისათვის მიცემასაც აშშ-ის მთავრობა აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნენსი პელოსი ამ იდეას ემხრობოდა, 2 000$-ის ხალხისათვის გადაცემის მცდელობა, მაინც ჩაიშალა. ამასთან ერთად, დამნაშავეებმა სახლთან მისასვლელ გზაზე ყალბ, ხელოვნურ სისხლში მოსვრილი ცხოველის (სავარაუდოდ ღორის) თავიც დატოვეს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ტრამპის მხარდამჭერებისგან ეს პირველი თავდასხმა არაა. 2020 წლის მარტში, 27 წლის ტექსასელი მამაკაცი Facebook-ის გვერდზე წერდა, რომ წარმომადგენელთა პალატის – სპიკერი ნენსი პელოსი „სატანისტურ კულტს“ მართავდა. „დაწესებულების [წარმომადგენელთა პალატის] დემოკრატები ნებისმიერი საშუალებით იქნებოდნენ ჩამოშორებულნი. და კი, ეს სიკვდილსაც ნიშნავს“ – წერდა ბრალდებული. ინფორმაციის მიხევდვით, დამნაშავემ იმ სამართალდამცავს, რომელმაც იგი დააკავა უთხრა, რომ იგი ფედერალური მთავრობის ძალაუფლებას არ ცნობდა.
მოკლე დოსიე:
პელოსი დაიბადა ბალტიმორში, იტალიურ-ამერიკულ ოჯახში. ის იყო ერთადერთი გოგონა და ყველაზე უმცროსი შვილი ანუნსიატა ნენსი დ'ალესანდროს და თომას დ'ალესანდრო უმცროსის ოჯახში. დედამისი დაიბადა ფორნელში, მოლიზში, სამხრეთ იტალიაში, იგი აშშ-ში საცხოვრებლად 1912 წელს გადავიდა; როდესაც ნენსი დაიბადა, მისი მამა იყო დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან (შვიდი წლის შემდეგ გახდა ბალტიმორის მერი). პელოსის დედა ასევე აქტიური იყო პოლიტიკაში და ასწავლიდა ქალიშვილს სოციალური კავშირების მნიშვნელობას. პელოსის ძმა, თომას დ'ალესანდრო III, ასევე დემოკრატი, იყო ბალტიმორის მერი 1967 წლიდან 1971 წლამდე.
პელოსი ადრეული ასაკიდან იყო ჩართული პოლიტიკაში. იგი ეხმარებოდა მამას მისი კამპანიის ღონისძიებებში. 1961 წლის იანვარში დაესწრო ჯონ კენედის საინაუგურაციო გამოსვლას, სადაც ჯონმა ფიცი დადო, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა.
1958 წელს პელოსიმ დაამთავრა ნოტრ დამის ინსტიტუტი, ქალთა კათოლიკური საშუალო სკოლა ბალტიმორში. 1962 წელს დაამთავრა ტრინიტის კოლეჯი ვაშინგტონში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით. 1960-იან წლებში სტაჟირება გაიარა სენატორ დენიელ ბრუსტერთან და პალატის უმრავლესობის მომავალ ლიდერთან, სტენი ჰოიერთან ერთად.
პელოსი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019 წლიდან. დემოკრატიული პარტიის წევრი, პელოსი ერთადერთი ქალია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც მსახურობდა პალატის სპიკერად. ის მეორეა საპრეზიდენტო რიგებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ.
2003 წლიდან პელოსი ხელმძღვანელობდა დემოკრატიულ პარტიას და გახდა პირველი ქალი, რომელმაც კონგრესში პოლიტიკურ პარტიას უხელმძღვანელა.
პელოსმა 2011 წელს დაკარგა პალატის სპიკერის პოზიცია, მას შემდეგ რაც რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა 2010 წლის არჩევნებზე. თუმცა, მან შეინარჩუნა პალატის დემოკრატიული ჯგუფის ლიდერის როლი და დაუბრუნდა პალატის უმცირესობის ლიდერის როლს. 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კვლავ აიღეს ხელში ძალაუფლება. 2019 წლის 3 იანვარს შეიკრიბა 116-ე კონგრესი, სადაც პელოსი ხელმეორედ აირჩიეს სპიკერად. პელოსის ხელმძღვანელობით, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ჯერ 2019 წლის 18 დეკემბერს, ხოლო შემდეგ 2021 წლის 13 იანვარს; ტრამპი სენატმა ორივეჯერ გაამართლა.
2021 წლის 3 იანვარს, პელოსი ხელახლა აირჩიეს მეოთხე ვადით პალატის სპიკერად, რომელიც მოსალოდნელი იყო კომპანია „პროგრესულებთან“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. მისი მეორე ვადის დროს მან დიდი როლი ითამაშა ბაიდენის ადმინისტრაციის მრავალი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაში, მათ შორის ინფრასტრუქტურის ინვესტიციებსა და ამერიკის სამაშველო გეგმის აქტში.