რა მოხდა 10 სექტემბერს და როგორ მოკლეს კონსერვატორი აქტივისტი - ამერიკელები ჩარლი კირკის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ​

ჩარლი კირკი

დონალდ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერის და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობა ათასობით ადამიანის თვალწინ - ამერიკელები 33 წლის ჩარლი კირკის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. რა მოხდა 10 სექტემბერს და როგორ მოკლეს კონსერვატორი აქტივისტი.

10 სექტემბერს, იუტას შტატში, იუტა ველის უნივერსიტეტის ეზოში, დაახლოებით 12:23 საათზე გაისმა გასროლის ხმა. მანამდე კი ჩარლი კირკი სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა. ღონისძიებას დაახლოებით 3 000 ადამიანი ესწრებოდა. კირკი სცენაზე იდგა და პასუხობდა მსმენელის შეკითხვას. კამპუსის ტერიტორიაზე არაერთი შენობაა, თუმცა მკვლელმა, გასროლისთვის სტუდენტური ცენტრის შენობა შეარჩია, კონკრეტულად კი სახურავის სამხრეთ კუთხე, საიდანაც კარგად ჩანდა სცენაც და აუდიტორიაც.

22 წლის ტაილერ რობინსონმა, დაახლოებით 150 მეტრიდან ისროლა. ჩარლის ლაპარაკი 20 წუთის დაწყებულიც არ ჰქონდა, როცა ესროლეს. ტყვია კისრის არეში მოხვდა, სისხლდენის შემდეგ კი წამებში სცენაზე დაეცა. აუდიტორია პანიკამ მოიცვა. კირკი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასროლის შემდეგ, კამერებმა დააფიქსირა, როგორ გაიქცა თავდამსხმელი. დამნაშავე პოლიციამ 33 საათში დააკავა.

ჩარლი კირკი დონალდ ტრამპთან დაახლოებული ადამიანი იყო. ის იყო MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე. მეტიც, ბევრმა ახალგაზრდამ დონალდ ტრამპს მხარი სწორედ მის გამო დაუჭირა. ცნობილია მისი პოზიცია არაერთ საკითხთან დაკავშირებით, ის ხვდებოდა სტუდენტებს, მართავდა დებატებს, ესაუბრებოდა ხალხს რწმენაზე, გენდერულ იდენტობაზე, მიგრაციაზე. მისი შეხედულებები კი, ხშირად ცხარე კამათის საგნად იქცეოდა.

ტრამპმა, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო თავისი დაპირების შესრულება, რადგანაც სამსახურებიდან გაათავისუფლეს მასწავლებლები, მეხანძრეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, "აქებენ, ამართლებენ ან დასცინიან" კირკის მკვლელობას.