1749042430
პუტინმა სატელეფონო საუბრისას მტკიცედ განაცხადა, რომ აეროდრომებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმაზე რეაგირება მოუწევს - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელფონით ესაუბრა და უკრაინის საკითხი განიხილა.
მისი შეფასებით, ეს იყო კარგი საუბარი, თუმცა არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს“.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინმა მას განუცხადა, რომ რუსეთს მოუწევს პასუხის გაცემა უკრაინის მიერ რუსული აეროდრომების დაბომბვაზე.
„ახლახან დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბარი. სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის ბაზირებულ თვითმფრინავებზე თავდასხმა და ასევე ორივე მხარის მიერ განხორციელებული სხვადასხვა თავდასხმა. ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი საუბარი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანდა. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მტკიცედ განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმაზე რეაგირება“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ირანის საკითხზე ისაუბრა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ირანი და ის ფაქტი, რომ ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო იწურება, რაც სწრაფად უნდა იქნას მიღებული. მე განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ირანთან მოლაპარაკებებში და შესაძლოა, ის შეძლებდა დახმარებას ამ საკითხის სწრაფად დასრულებაში. ჩემი აზრით, ირანი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს და ჩვენ ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი“, – წერს ტრამპი.