პუტინი: დასავლური ქვეყნები რუსულ კომერციულ გემებს თუ დააკავებენ, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლური ქვეყნები რუსულ კომერციულ გემებს თუ დააკავებენ, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. მისივე თქმით, ნატო რეგიონში რუსეთისთვის საფრთხის შექმნისთვის ძლიერდება, რითაც კონფლიქტის პოტენციალი იზრდება.

ამის შესახებ პუტინმა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნებზე განაცხადა, რომელიც დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აქ, სამწუხაროდ, კონფლიქტის პოტენციალი იზრდება. ნატო რეგიონში შეღწევას იწყებს, იქმნება ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, განლაგებულია, იგეგმება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი ახალი შეიარაღების სისტემების განთავსება“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები რუსული გემებისა და ქონების ჩამორთმევა ახორცილებენ, რაც, მისი თქმით მეკობრეობაა. პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველას საკადრის პასუხს გასცემს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება, საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით, ცდილობს, შეზღუდოს ჩვენი ეკონომიკური ოპერატორების, სამოქალაქო გემების გადაადგილება. იქამდეც კი მივიდნენ, რომ განიხილეს ჩვენი გემების ჩამორთმევა და ჩამორთმეული ქონების გაყიდვა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, თუ არა მეკობრეობა და ძარცვა. ასეთი ქმედებები პრაქტიკაში თუ განხორციელდება, იძულებული ვიქნებით, სარკისებრი პასუხი გავცეთ. და, არა აუცილებლად იმავე წყლებში, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება. თავად განვსაზღვრავთ, სად და როდის იქნება ასეთი რეაგირება აუცილებელი და მიზანშეწონილი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.