1776887309
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს
თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს, - წერს გამოცემა POLITICO.
ამ ძალისხმევაზე ოფიციალური პირები ნატოს ხელმძღვანელის, მარკ რუტეს ვაშინგტონში ვიზიტამდე მუშაობდნენ. პროექტი მოიცავს ალიანსში წევრი ქვეყნების მიერ გაღებული წვლილის მიმოხილვასა და მათ სხვადასხვა დონედ დაყოფას. აღნიშნულს ადასტურებს სამი ევროპელი დიპლომატი და აშშ-ის თავდაცვის სფეროს წარმომადგენელი, რომლებიც ამ გეგმას იცნობენ.
„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს შეასრულოს თავისი მუქარა იმ მოკავშირეების მიმართ, რომლებიც მის სურვილებს არ ითვალისწინებენ“, - წერს POLITICO.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ამ იდეის ზოგადი მონახაზი დეკემბერში წარადგინა. „სამაგალითო მოკავშირეები, რომლებიც აქტიურ ნაბიჯებს დგამენ - როგორებიცაა ისრაელი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, სულ უფრო მეტად გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვები - ჩვენგან განსაკუთრებულ კეთილგანწყობას მიიღებენ“, - განაცხადა მან. „ხოლო იმ მოკავშირეებს, რომლებიც კვლავ ვერ ასრულებენ თავიანთ წილ ვალდებულებას კოლექტიური თავდაცვის წინაშე, შესაბამისი შედეგები დაუდგებათ“.
ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს სია, როგორც ჩანს, სწორედ ამ კონცეფციას ასახავს. „თეთრ სახლს აქვს „ცუდი და კარგი ბავშვების“ სია, ასე რომ, ვფიქრობ, მიდგომა მსგავსია“, - განაცხადა მან.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ქვეყნები რომელ კატეგორიაში ხვდებიან ან ფლობს თუ არა ინფორმაციას რუტე ამ ინიციატივის შესახებ. თუმცა, რუმინელები და პოლონელები შეიძლება ყველაზე დიდ ბენეფიციარებად იქცნენ, რადგან ორივე ქვეყანა ინარჩუნებს პრეზიდენტის კეთილგანწყობას და მიესალმება აშშ-ის დამატებითი ჯარების განლაგებას მათ ტერიტორიაზე.












