1749646774
პირველადი ინფორმაციით, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.
ავიალაინერი ლონდონის გეთვიკის აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს. შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, მედიკოსთა ჰოსტელია. მსხვერპლთა შორის არიან ჰოსტელში მყოფი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
თვითმფრინავის მგზავრებს შორის 217 ზრდასრული და 13 ბავშვია, მათ შორის ორი ჩვილი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე. ასევე, მგზავრებს შორის ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელია.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Boeing 787-8 Dreamliner-ია.
ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ინდოეთის ხელისუფლებასთან ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად და დაზარალებულების დასახმარებლად.