1746733863
ოთხდღიანი ომი დასრულებულია - პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ოთხდღიანი ომი დასრულებულია. პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფრონტაციის დასრულებას ზეიმობენ კონფლიქტის ზონაში, ქაშმირის რეგიონში მცხოვრები ადამიანები.
ისლამაბადს და დელის შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მოხდა. პირველი ვინც მსოფლიოს - აზიის კონტინენტზე შეიარაღებული დაპირისპირების დასრულება აცნობა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მალევე გამოეხმაურნენ ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებიც. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიწაზე, ჰაერსა და წყალში, მყისიერად ამოქმედდა.
მშვიდობის მიღწევამდე ინდოეთისა და პაკისტანს შორის გამოცხადებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს, "სინდურსა" და "გაუვალ კედელს" 60 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათობით ადამიანი. საარტილერიო იერიშების შედეგად დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჩიხში შევიდა დიპლომატიური ურთიერთობა.
ინდოეთმა კომუნიკაცია პაკისტანთან 23 აპრილს, ჯამუსა და ქაშმირში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაწყვიტა, ჩაიკეტა საზღვარი, შეჩერდა 1960 წელს მხარეებს შორის გაფორმებული ინდის ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნებს მდინარის გამოყენების თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. პარალელურად დელიმ ისლამაბადი ტერორიზმსა და ტერორისტებისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა.
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სადავო რეგიონთან დაკავშირებით სამხედრო დაპირისპირებას საკმაოდ ვრცელი წარსული აქვს. ბოლო 80 წლის განმავლობაში, ქვეყნებს შორის იყო 3 ომი, 4 სამხედრო ოპერაცია, 10 მსხვილი ტერაქტი, ასობით სასაზღვრო შეტაკება, ათობით დიპლომატიური, საზღვაო და სადაზვერვო დაპირისპირება. ქაშმირის რეგიონი 1947 წლიდან 3 პასუხისმგებლობის ზონად არის დაყოფილი, რომელთაც ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი აკონტროლებენ.
2019 წლიდან ორ ბირთვულს სახელმწიფოს შორის კონფლიქტის დროებით შეჩერებული იყო. თუმცა, 22 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, პროცესები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.