ნოვოროსიისკზე თავდასხმის შედეგად ოთხი რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი

ნოვოროსიისკზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა ორი ფრეგატი – „ადმირალ მაკაროვი“ და „ადმირალ ესენი“, ასევე მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-მ“ და 22160-ე პროექტის საპატრულო ხომალდი „ვასილი ბიკოვი“.

უსაფრთხოების სამსახურში დააზუსტეს, რომ ფრეგატები „ადმირალ ესენი“ და „ადმირალ მაკაროვი“ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების მატარებლები არიან. ასევე დაზიანდა 30Н6Е ტიპის რადარი, რომელიც S-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შემადგენლობაში შედის, ნოვოროსიისკის პორტის №2 ნავმისადგომზე განთავსებული მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, „გრუშოვას“ ნავთობბაზის გვირაბის შესასვლელი, რომელიც „შესხარისის“ ტერმინალს უკავშირდება, ასევე №3, №6 და №7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.