1754917888
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის შეთანხმებების ობიექტური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის შეთანხმებების ობიექტური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. სომხური მედიის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანს და მასუდ ფეზეშქიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გავრცელებული ცნობით, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული კომუნიკაციები იმუშავებს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
„პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგინა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა რეგიონისთვის ხსნის. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის შეთანხმებების ობიექტური შეფასებისთვის და ხაზი გაუსვა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის სომხეთის რესპუბლიკაში მომავალი ვიზიტის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამასთან, როგორც ცნობილია, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი ხვალ თეირანს ეწვევა.