ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენთვის კარგი ნიშანი არ არის იმის დანახვა, რომ კორუფცია უკრაინაში გაგზავნილ ფულს იპარავს

დავიდ ვან ვილ

ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევენ, კორუფციული სკანდალი კარგი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავიდ ვან ვილმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ უკრაინაში კორუფცია პრობლემა ყოველთვის იყო და ამ დრომდე არის.

„ყველამ ვიცით, რომ უკრაინაში კორუფცია პრობლემა იყო და კვლავ პრობლემაა. ვფიქრობ, ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ კორუფციის მონიტორინგზე პასუხისმგებელმა სააგენტოებმა ეს გამოძიება დაიწყეს და არ შეეშინდათ, შეემოწმებინათ ხელისუფლებაში მყოფი ის პირები, რომლებიც კორუფციაში არიან ეჭვმიტანილი“, – განაცხადა ვან ვილმა.

ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კორუფციული სკანდალი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს აშფოთებთ.

„ჩვენთვის, ვინც მნიშვნელოვნად უჭერს მხარს უკრაინას, კარგი ნიშანი არ არის იმის დანახვა, რომ კორუფცია უკრაინაში გაგზავნილ ფულს იპარავს. ამიტომ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. ველოდები, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრს პოზიციას დაიკავებს და იმოქმედებს“, – განაცხადა დავიდ ვან ვილმა.

ამასთან, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, კორუფციულმა სკანდალებმა უკრაინის მომავალ მხარდაჭერაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.