ნეტფლიქსის სერიალ Adolescence-ს საფრანგეთის საჯარო სკოლებში აჩვენებენ

ადოლესენსი

ნეტფლიქსის ბრიტანულ სერიალს Adolescence (მოზარდობა) 13 წლის ბიჭის ამბავზე, რომელმაც თანაკლასელი გოგო დანით მოკლა — საფრანგეთის საჯარო სკოლებში აჩვენებენ, რათა მოზარდებში სოციალურ ქსელების მიერ გაღვივებული ქალთმოძულე ძალადობის შესახებ ცნობიერება აამაღლოს.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა, რომელმაც თავდაპირველად სერიალის სკოლებში ჩვენებაზე უარი თქვა, გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც თავად უყურა ამ სერიალს. მისი თქმით, მოსწავლეებისთვის უკვე შექმნეს ხუთი გაკვეთილი — სოციალური ქსელების, ძალადობისა და სექსიზმის რისკების შესახებ.

14 წლიდან ზემოთ ასაკის მოსწავლეებს აჩვენებენ, რამდენად სახიფათოა ეკრანებთან ზედმეტი დროის გატარება და ძალადობის ჩვეულებრივ ამბად აღქმა, ასევე ე.წ. "მენოსფეროს" მოძღვრებები, რომლებიც ქალების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს ამართლებენ. ამ ნაბიჯით საფრანგეთი შეუერთდა ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ბელგიას, რომლებმაც ეს სერიალი საჯარო სკოლებში უკვე აჩვენეს.

ასევე ნახეთ: 3 მიზეზი, რატომ უნდა ნახონ მშობლებმა ახალი სერიალი Adolescence — ფსიქოლოგის აზრით

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ სერიალი Adolescence, რომელშიც ჯეიმი მილერის როლს ოუენ კუპერი ასრულებს, ასახავს სოციალურ მედიაში მზარდ პრობლემას, განსაკუთრებით ისეთ ინფლუენსერებთან დაკავშირებით, როგორებიც არიან ენდრიუ ტეიტი და სხვები, რომლებიც ბიჭებზე გავლენას ახდენენ. დაუნინგ სთრითის განცხადებით, სერიალი ხელს შეუწყობს იმას, რომ ბიჭები არ ჩაებან "სიძულვილისა და მიზოგინიის მორევში".

როგორც ბრიტანეთში, ისე საფრანგეთში, მოზარდებს შორის დანით თავდასხმებისა და მკვლელობების შემთხვევები გახშირებულია. მხოლოდ აპრილში, 15 წლის ბიჭი სკოლის შესვენებაზე ოთხ მოსწავლეს დაესხა თავს, მათ შორის ერთ-ერთი, 15 წლის გოგო, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა.

მოწმის განცხადებით, ბრალდებული მარტოსული იყო და არ ჰქონდა აშკარა მოტივი. იანვარში კი, პარიზში, 14 წლის ელიასი 16 და 17 წლის მოზარდებმა სასიკვდილოდ დაჭრეს მას შემდეგ, რაც მათ მობილური არ მისცა.

ამ თვის მონაცემებით, სერიალმა Adolescence 141.2 მილიონ ნახვას მიაღწია და Variety-ის მიხედვით ნეტფლიქსის ყველაზე ნახვად ინგლისურენოვან სერიალებს შორის მეორე ადგილს იკავებს.