ნატოს 8 ქვეყანამ განაცხადა, რომ ტრამპის მუქარები ტარიფების შესახებ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ძირს უთხრის

ნატო

დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს.

განცხადების ტექსტი გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნატოს 8 წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მათი მიზანია არქტიკაში უსაფრთხოების განმტკიცება, რაც საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს. მათივე თქმით, წინასწარ კოორდინირებული დანიური სწავლება Arctic Endurance, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, სწორედ ამ აუცილებლობას პასუხობს.

მათ დაადასტურეს, რომ სწავლება არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დანიის სამეფოსა და გრენლანდიის ხალხს. გასულ კვირას დაწყებულ პროცესზე დაყრდნობით, მზად ვართ დიალოგისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს.

ტარიფების დაწესების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და ქმნის სიტუაციის გაუარესების საშიში სპირალის რისკს. ჩვენ მომავალშიც ერთიანი და კოორდინირებული ვიქნებით ჩვენს რეაქციაში. ჩვენი მიზანია დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი“, - აღნიშნეს ხელმომწერმა ქვეყნებმა.

17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა ტარიფების შემოღება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთანხმებიან მის პრეტენზიებს გრენლანდიასთან დაკავშირებით.