NATO-ს მოკავშირეთა უმეტესობამ გვაცნობა, რომ არ სურთ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ირანის წინააღმდეგ, არავის დახმარება არ გვჭირდება - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების უმეტესობამ უარი თქვა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფაში მონაწილეობაზე, თუმცა ტრამპის თქმით, ვაშინგტონს მათი დახმარება არც სჭირდება.

„NATO-ს მოკავშირეთა უმეტესობამ გვაცნობა, რომ არ სურთ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ქმედებებს“,  – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NATO-ს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არაფერს გააკეთებენ შეერთებული შტატებისთვის.

„მათი ქმედება არ მიკვირს, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნატო ცალმხრივი ქუჩაა — ამ ქვეყნების დასაცავად წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით საჭიროების დროს“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მათ ირანის არმია სრულად გაანადგურეს.

„სამხედრო წარმატების გათვალისწინებით, NATO-ს ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება, არც გვინდა და არასდროს გვჭირდებოდა. იმავეს თქმა შეიძლება იაპონიაზე, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაზე. სინამდვილეში, როგორც მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაცხადებ: ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.