22 წლის ცნობილი მომღერალი მანქანაში ჩაცხრილეს
1764097167
თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შემუშავებული, ორივე მხარის დამატებითი წვლილის შეტანით დაიხვეწა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს.
მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება რუს და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას, თუმცა „ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში იქნება“. იქამდე კი ტრამპის თქმით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, უკრაინელებთან შესახვედრად კი არმიის მდივან დენ დრისკოლს გაგზავნის.
„ამ სამშვიდობო გეგმისთვის საბოლოო სახის მისაცემად ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დავავალე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან მოსკოვში და ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება,“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისმა გუნდმა გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კუთხით, უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.
„გასული კვირის განმავლობაში, ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით (ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!) გასულ თვეში 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.