მოსკოვში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა და მოუწოდებენ აშშ-ს, უზრუნველყოს ეკიპაჟის სწრაფი დაბრუნება სამშობლოში

ტანკერის დაკავება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმაურება. სამინისტრო მოითხოვს, აშშ-მ უზრუნველყოს „მარინერას“ ბორტზე მყოფი რუსების მიმართ „ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა“.

სამინისტროს განცხადებით, აშშ-მa არ უნდა შეუშალოს ხელი მათ „სწრაფ დაბრუნებას“ სამშობლოში.

„ეკიპაჟში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის შესახებ შემომავალი ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამერიკულმა მხარემ უზრუნველყოს ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა, მკაცრად სცეს პატივი მათ უფლებებსა და ინტერესებს და არ შეუშალოს ხელი მათ სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას“, – განაცხადა სამინისტრომ.

აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმაურება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროც. უწყების ცნობით, აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა.

„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 15:00 საათზე აშშ-ის საზღვაო ძალებმა გემი საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში, ღია ზღვაში დააკავეს. გემთან კონტაქტი დაიკარგა. საზღვაო სამართლის შესახებ გაერო-ს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, ნავიგაციის თავისუფლება ვრცელდება ღია ზღვაში და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა სხვა სახელმწიფოების იურისდიქციაში სათანადოდ რეგისტრირებული გემების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-მა ვენესუელასა და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი დააკავა. ოპერაციას, აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.