მოლდოვაში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავეს

მოლდოვა

მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკის შედეგად ორი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციის გენერალურ ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, პირთა ჯგუფი მოქმედებდა გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის ინტერესებში და დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვაში მონაწილეობდა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ამომრჩევლებისთვის ფულის გადარიცხვა რუსული „პრომსვიაზბანკის“ მობილური აპლიკაციით ხდებოდა.

ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, საბანკო ბარათები, დოკუმენტები, ასევე ავტომობილებისა და მოქალაქეების სიები, რომლებიც სავარაუდოდ პროტესტების ორგანიზებაში არიან ჩართული.

ამას გარდა, გამოძიების ცნობით, „ტელეგრამში“ არსებული ჯგუფებით ორგანიზაციის წევრები იღებდნენ მითითებებს რუსეთიდან სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს მოლდოვაში 60 მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც არჩევნებზე კორუფციის, პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ფარგლებში სამი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბერს გაიმართება