მიუნხენის აეროპორტის მუშაობა დრონების გამო პარალიზებული იყო

მიუნხენის აეროპორტი

გერმანიის ქალაქ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დრონების გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო, რის გამოც ათეულობით რეისი გაუქმდა. ინფორმაციას მიუნხენის აეროპორტი საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2 ოქტომბერს გვიან ღამით საჰაერო მოძრაობის სამსახურმა მიუნხენის აეროპორტის მუშაობა შეზღუდა, ხოლო მოგვიანებით დრონების გამო საერთოდ შეაჩერა მისი მუშაობა.

აეროპორტის მუშაობის შეჩერებამ 17 რეისის გაუქმება გამოიწვია, რამაც დაახლოებით 3 ათას მგზავრს შეუქმნა დისკომფორტი. აეროპორტის ადმინისტრაციას ავიაკომპანიებთან ერთად ჩარჩენილი მგზავრებისთვის ტერმინალებში გასაშლელი საწოლების განთავსება, მათი კვებითა და სასმელებით უზრუნველყოფა მოუწია.

გარდა ამისა, მიუნხენისკენ მომავალი 15 რეისის შტუტგარტის, ნიურნბერგის, ვენისა და ფრანკფურტის აეროპორტებში გადამისამართება მოხდა.

მოგვიანებით მიუნხენის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.