მინის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი ყველაზე მეტ მიკროპლასტმასას შეიცავს - კვლევა

მიკროპლასტმასა

სასმელები, რომლებიც შუშის ბოთლებში იყიდება (წყალი, გაზიანი, ლუდი, ღვინო) პლასტმასის ჭურჭელში ჩამოსხმულზე უფრო მეტ მიკროპლასტმასას შეიცავს. ამის შესახებ საფრანგეთის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ (ANSES) განაცხადა.

მეცნიერებმა ეს პატარა და ძირითადად უხილავი ნაწილაკები მსოფლიოში თითქმის ყველგან აღმოაჩინეს. მათ შორის: ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ; საკვებში, რომელსაც ვჭამთ; ასევე, ადამიანის სხეულშიც.

ჯერჯერობით პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი კვლევის მიზანია, მათი გავრცელების მასშტაბები შეაფასოს.

„საფრანგეთში გაყიდული სხვადასხვა ტიპის სასმელში მიკროპლასტმასის რაოდენობა შევისწავლეთ. ასევე დავადგინეთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის შეფუთვებს", - განაცხადა საფრანგეთის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა, გილამ დუფლომ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შუშის ბოთლებში ჩამოსხმულ გაზიან სასმელებში, ლიტრიან ბოთლზე მიკროპლასტმასის დაახლოებით 100 ნაწილაკი მოდის. ეს მაჩვენებელი პლასტმასის ან ლითონის ქილებთან შედარებით 5-50-ჯერ მეტია. 

„ჩვენ პირიქით ველოდით", - დაამატა იზელინ ჩაიბმა, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა - „აღმოვაჩინეთ, რომ შუშის ბოთლების ნიმუშებიდან გამოყოფილი ნაწილაკები ფორმით, ფერითა და პოლიმერის შედგენილობით თავსახურებზე არსებულ საღებავს ემთხვეოდა".

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავსახურებზე წვრილი ნაკაწრები დაფიქსირდა, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. სავარაუდოდ, ისინი ხახუნის შედეგად წარმოიქმნა. მათივე თქმით, შესაძლებელია, რომ "ნაწილაკები თავსახურების ზედაპირიდან გამოიყოფოდეს".

რაც შეეხება წყალს (როგორც უბრალოს, ასევე გაზიანს) მიკროპლასტმასის რაოდენობა ყველა შემთხვევაში შედარებით დაბალია. ერთლიტრიან შუშის ბოთლზე საშუალოდ 4.5 ნაწილაკი ხვდებოდათ, პლასტმასისაში კი — 1.6.

ღვინოში მიკროპლასტმასის რაოდენობა ასევე მცირე აღმოჩნდა. მეცნიერების თქმით, ამ განსხვავების მიზეზი "ჯერ კიდევ დაუდგენელია". გაზიან სასმელებში ლიტრზე მიკროპლასტმასის საშუალოდ 30 ნაწილაკი დააფიქსირეს, ლიმონათში 40, ხოლო ლუდში - 60.

სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს სტანდარტული ზღვარი, რომელიც მიკროპლასტმასის ტოქსიკურ დონეს განსაზღვრავს. ამის გამო შეუძლებელია ითქვას, არის თუ არა ეს მაჩვენებლები ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხე.

მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ სასმელების მწარმოებლებს ბოთლის თავსახურებში მიკროპლასტმასის შემცირება მარტივად შეუძლიათ. მათ გაწმენდის მეთოდი გამოცადეს, რამაც დაბინძურების დონე 60 პროცენტით შეამცირა.