მინესოტაში სამართალდამცველების მიერ 37 წლის ქალის მკვლელობის გამო მიტინგები დაიწყო

მინესოტა

მინესოტის შტატში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მემარცხენე აქტივისტები ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო სამსახურის (ICE) აგენტის მიერ 37 წლის ქალის მოკვლას აპროტესტებენ.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა სამართალდამცველებს სოლიდარობა გამოუცხადა, მომხდარს შიდა ტერორიზმის აქტი უწოდა და განმარტა, რომ ოფიცერმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

ნოემის თქმით, მოკლული რენე ნიკოლ გუდი მთელი დღის განმავლობაში ავიწროებდა და მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა ოფიცრებს, ცდილობდა საკუთარი ავტომობილის სამართალდამცველების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებას.

ოფიციალური ცნობით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს მაშინ ესროლა, როცა მან სამართალდამცველებისთვის მანქანის დაჯახება სცადა.