მეგონა, ყველაზე იოლი იქნებოდა რუსეთისა და უკრაინის ომის შეჩერება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მასშტაბური პერსონალური კონფლიქტები - ტრამპი

ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, მას მიაჩნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ყველაზე იოლი იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს მასშტაბური პირადი კონფლიქტიც. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მეგონა, რომ ყველაზე იოლი იქნებოდა რუსეთის და უკრაინის ომის შეჩერება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მასშტაბური პერსონალური კონფლიქტები. მაგრამ ჩვენ ამას დავასრულებთ დროთა განმავლობაში. ჩვენ ამას შევაჩერებთ. მხოლოდ გასულ კვირას 7 000 სამხედრო დაიღუპა ამ ომში, ისინი ჩვენი ჯარისკაცები არ არიან, მაგრამ მათ სულები აქვთ, ისინი ცოცხალი ადამიანები არიან. ისინი ტოვებენ სახლებს და მშობლებს ხელს უქნევენ. მათი მშობლები ამაყები არიან. მათ შვილებს ლამაზი სამხედრო ფორმა აცვიათ და ერთ კვირაში მათ აფეთქებენ დრონით. ეს ომის სრულიად ახალი ფორმაა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მან შვიდი ომი დაასრულა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დაასახელა ომი რუანდასა და კონგოს რესპუბლიკას შორის.

„მე მუდამ მეძახიან რასისტს. მე მიყვარს შავკანიანი ადამიანები. და მე არჩევნებში შავკანიანი ადამიანების ბევრი ხმა მივიღე. 35 წელი მიმდინარეობდა ომი რუანდასა და კონგოს შორის. 9 მილიონი ადამიანი მოკლეს, ძირითადად მაჩეტეებით. ეს ომი 35 წელი გრძელდებოდა და მე ის შევაჩერე. ორ კვირაში ჩამოდიან პრეზიდენტები, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას. საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე მოაწერს. ჩვენ ძალიან ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ. კონგო ღრმა აფრიკაა. ამ ომს ჩემ გარდა ვერავინ შეაჩერებდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აშშ-მა ასევე შეაჩერა ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და ამისთვის მან ბერკეტად ვაჭრობის საკითხი გამოიყენა. ტრამპის თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.

„მე ვუთხარი მათ, გინდათ ვაჭრობა? ჩვენ თქვენთან არ ვივაჭრებთ, თუ ომს გააგრძელებთ. თქვენ გაქვთ 24 საათი, რომ ეს მოაგვაროთ. მათ მითხრეს, კარგი – ომი აღარ გრძელდება. ვაჭრობის ბერკეტი არაერთხელ გამოვიყენე“, – განაცხადა ტრამპმა.