ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის შეხვედრა გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრისას პროექტ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს.
„ჩარჩო დოკუმენტი განსაზღვრავს TRIPP-ის ამოქმედების კონკრეტულ გზას, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას. აზერბაიჯანისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი ნაწილის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის სასიცოცხლო მნიშვნელობის პარალელურად, TRIPP სავარაუდოდ ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის კავშირებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი TRIPP-ის მშენებლობის გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემს, რომელიც შეიძლება, დამატებით 50 წლით გაგრძელდეს.
„TRIPP-ის საბოლოო მიზანია სომხეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობის, უსაფრთხოების გაძლიერება და ამერიკული ვაჭრობის განვითარება რეგიონული ვაჭრობისა და კავშირის გაფართოების, ასევე ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნის გზით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.