მარკ რუტე - მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, ყურადღებით დავაკვირდებით ვითარებას, ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუდმივად მზადყოფნაშია

მარკ რუტე

მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუდმივად მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„წუხელ მრავალმა დრონმა რუსეთიდან დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე. ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და წარმატებით უზრუნველყო ნატო-ს ტერიტორიის დაცვა. პოლონეთთან ერთად, რამდენიმე მოკავშირე იყო ჩართული, მათ შორის პოლონური F16-ები, ჰოლანდიური F30-ები, იტალიური AWACS-ი, გერმანული Patriot-ები. მადლობა პილოტებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სწრაფ, ოსტატურ რეაგირებაში“, – განაცხადა რუტემ.

მარკ რუტეს თქმით, გასულმა ღამემ აჩვენა, რომ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვა შეუძლიათ.

„ჩვენ ყოველთვის დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვართ. გასულმა ღამემ აჩვენა, რომ შეგვიძლია, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი, მათ შორის საჰაერო სივრცე, დავიცვათ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, რუტეს განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით ალიანსის მხრიდან სრული შეფასება მიმდინარეობს.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს დილით შეიკრიბა და განიხილა ვითარება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად, პოლონეთის მიერ კონსულტაციების ჩატარების მოთხოვნის გათვალისწინებით. მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს და დაგმეს რუსეთის უგუნური ქმედება. ინციდენტის სრული შეფასება მიმდინარეობს. ცხადია, გუშინდელი დარღვევა არ არის იზოლირებული ინციდენტი. მოკავშირეთა ძალების მეთაური გააგრძელებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიციების აქტიურ მართვას მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუდმივად მზადყოფნაშია. ეს მხოლოდ აძლიერებს ნატო-ს მნიშვნელობას და იმ გზას, რომელზეც მოკავშირეები შეთანხმდნენ წელს ჰააგაში, ჩვენს სამიტზე“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ თავდაცვაში.

„მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში, გავზარდოთ თავდაცვის წარმოება, რათა გვქონდეს ყველაფერი, რაც გვჭირდება შეკავებისა და თავდაცვისთვის. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, მარკ რუტეს თქმით, ვლადიმერ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა.

„ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ. იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს წინასწარ განზრახული ქმედება, ეს მაინც სრული უგუნურობაა. ჩვენი მესიჯი პუტინისთვის სავსებით ნათელია: მან უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა. ჩვენ მზად ვართ, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დავიცვათ“, – განაცხადა რუტემ.