მარგუს ცაჰკნა: მაშინაც კი, თუ აშშ, უკრაინა და ევროპა რაიმე სახის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდებიან, მისი არსი ის უნდა იყოს, რომ პუტინმა საკუთარი მიზნები შეცვალოს

 მარგუს ცაჰკნა

მაშინაც კი, თუ აშშ, უკრაინა და ევროპა რაიმე სახის სამშვიდობო გეგმის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ, მისი არსი იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ პუტინი საკუთარ მიზნებს შეცვლის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალური „სამშვიდობო გეგმა“ ორი პუნქტისგან – რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინის მხარდაჭერისგან შედგება.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გეგმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და არ იჩენს მზაობას, საკუთარი აგრესიული მიზნები შეცვალოს, რაც, მისივე თქმით, ნიშნავს, რომ მშვიდობის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია.

„ჯერ ის მზადყოფნას არ გამოხატავს და თავად გეგმაზეც არ აკეთებს კომენტარს, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ მშვიდობისგან ჯერ კიდევ შორს ვართ“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შემუშავებულ „სამშვიდობო გეგმას“ სკეპტიკურად უყურებს.

„ვფიქრობ, პუტინი ჰაერში სისხლის სუნს გრძნობს და ეს მისთვის ძალიან ხელსაყრელი ტაქტიკური შესაძლებლობაა. ის ყველა შესაძლო გზით ახდენს ზეწოლას – ფრონტზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით. არანაირი მშვიდობის ნიშანი ჯერ არ ჩანს“, – განაცხადა ცაჰკნამ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირიქით, უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების თავზე მოხვევას ცდილობს.

„ეს პროცესი წარმოუდგენლად საჯაროა: ყველანაირი გაჟონვა, ზარები, შეთავაზებები და საპასუხო შეთავაზებები. ინფორმაციის ასეთი ტალღა დიდი იშვიათობაა; და მეორე – თანამედროვე საგარეო პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის. ჩვენ აბსოლუტური სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი პოზიციების დაცვა გავაგრძელოთ“, – აღნიშნავს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

სამშვიდობო ძალისხმევაზე საუბრისას მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ რთულია იმის პროგნოზირება, გაუძლებენ თუ არა მარცხს.

„უკრაინელების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მათ სურთ, პრეზიდენტი ტრამპი და შეერთებული შტატები ჩართული იყვნენ. ლოგიკა მარტივია – აშშ-თან მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელია, მაგრამ შეერთებული შტატების გარეშე რუსეთზე ზეწოლა – შეუძლებელი“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ევროპა ერთიანი რჩება. მისივე თქმით, დასავლეთისა და სამხრეთის ქვეყნები კარგად ხვდებიან, რომ რუსეთი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს და მასთან „ცუდი მშვიდობა“ ევროპის უსაფრთხოებას სერიოზულად შეარყევს.