1785062796
მან კენედის მკვლელობა გადაიღო, შემდეგ კი სამუდამოდ გაუჩინარდა - „ბაბუშკა“ ლედის ბურუსით მოცული ამბავი
იდუმალი ქალი, რომელიც ჯონ კენედის მკვლელობის საიდუმლოს შესაძლოა დღემდე ინახავდეს… მის ვინაობასა და ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნო…
1963 წლის 22 ნოემბერი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯონ კენედი დალასის ქუჩებში ავტოკოლონით გადაადგილდება. რამდენიმე წამში გასროლის ხმა ისმის და გარშემო სრული ქაოსია. სანამ სხვები პანიკაში არიან და თავს გაქცევით შველიან, უცნობი ქალი მშვიდად დგას და მომხდარს კამერით იღებს. თვითმხილველების თქმით, მან გადაღება გასროლის შემდეგაც გააგრძელა, მოგვიანებით კი ხალხში გაუჩინარდა.
უცნობი ქალი თავსაფარს ატარებდა, რის გამოც მას მოგვიანებით მეტსახელად “ბაბუშკა ლედი” შეარქვეს. გამოძიებამ მისი პოვნა არაერთხელ სცადა . სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ სწორედ უცნობი ქალის კამერაში ინახებოდა ის კადრები, რომლებიც კენედის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცეოდა. თუმცა, მის კვალს ვერასდროს მიაგნეს.
1970 წელს ქალი, სახელად ბევერლი ოლივერი, ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო „ბაბუშკა ლედი“. თუმცა ისტორიკოსებისა და გამომძიებლების თქმით, მისი მონაყოლი და იმ პერიოდის ტექნიკური დეტალები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
ვინ იყო სინამდვილეში „ბაბუშკა ლედი” ? რა გადაიღო მისმა კამერამ? ჰქონდა თუ არა მას კადრები, რომლებიც ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ ჩვენს წარმოდგენას შეცვლიდა? რატომ არ გამოჩენილა არასდროს? ამ კითხვებზე პასუხს ვერავინ მიაგნო… სწორედ ამიტომ “ბაბუშკა ლედი“ დღემდე ჯონ კენედის მკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება.











