ვრცელდება, ბოლნისში ავარიის დროს დაღუპული გოგოს უკანასკნელი ინტერვიუ
1768680342
აშშ-ს მიერ ტარიფების დაწესებას ევროპა ერთიან და კოორდინირებულ პასუხს გასცემ - ასე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი ტრამპის გადაწყვეტილებას ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების თაობაზე.
"საფრანგეთი ერთგულია ერების სუვერენულობისა და დამოუკიდებლობისადმი, ევროპასა და სხვაგან. ეს განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს და საფუძვლად უდევს ჩვენს ერთგულებას გაეროსა და მისი წესდებისადმი. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას და მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას და სწორედ ამ მიზნით შევქმენით მსურველთა კოალიცია, რათა მივაღწიოთ მტკიცე და მდგრად მშვიდობას, რათა დავიცვათ ეს პრინციპები და ჩვენი უსაფრთხოება. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტეთ დანიის მიერ გრენლანდიაში ორგანიზებულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მიღება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქმე არქტიკასა და ევროპის საზღვრებზე უსაფრთხოებას ეხება. ჩვენზე ვერანაირი დაშინება ან მუქარა გავლენას ვერ მოახდენს, იქნება ეს უკრაინაში, გრენლანდიასა თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში, როდესაც მსგავსი სიტუაციების წინაშე აღმოვჩნდებით. ტარიფების მუქარა მიუღებელია და ამ კონტექსტში მას ადგილი არ აქვს. დადასტურების შემთხვევაში, ევროპა ამაზე ერთიან და კოორდინირებულ პასუხს გასცემს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა დავიცვათ ევროპის სუვერენიტეტი. სწორედ ამ სულისკვეთებით გავმართავ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს" - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რვა ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო, ტარიფები დააანონსა.