მაკრონი: ჩვენ განვიცდით მომენტს ჩვენს ევროპაში, რომელსაც ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ნამდვილად მივიჩნევ, რომ ჩვენი ევროპა შეიძლება მოკვდეს

ემანუელ მაკრონი

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში ბოლო წლებში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა ევროპულ არჩევნებში ხმის მიცემის მნიშვნელობას დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც მისი თქმით, „არასოდეს ჰყოლია ამდენი მტერი შიგნით და გარეთ“.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ განვიცდით მომენტს ჩვენს ევროპაში, რომელსაც ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ ჩვენი ევროპა შეიძლება მოკვდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნებში იზრდება „კითხვები თავად დემოკრატიის შესახებ“.

„არსებობს ავტორიტარიზმით გატაცების ფორმა, რომელიც იბადება ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში [...], რომელიც ასევე კვებავს ნაციონალიზმსა და უკიდურესობებს ჩვენს კონტინენტზე“, - განაცხადა მან.