მაკრონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, უშუამდგომლოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ძალიან მტკიცედ არის განწყობილი“, უშუამდგომლოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას.

ემანეულ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტს „ძალიან კარგად ესმის ზავის მნიშვნელობა“ ღაზისთვის.

„ვფიქრობ, მისი ჩართულობა ამ საკითხში გადამწყვეტია“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის თავდასხმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე „ნამდვილად ეფექტური“ იყო, მაგრამ „ყველაზე ცუდი სცენარი“ იქნება, თუ ირანი მთლიანად გამოვა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან.

„ყველაზე ცუდი იქნება, თუ ამის შედეგი გახდება ირანის გასვლა გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან“, – აღნიშნა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა, უკრაინის საკითხიც განიხილეს.