მაიამიში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები

თვითმფრინავი

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მძიმე ავიაკატასტროფა მოხდა - Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ ბილიკს გადასცდა, რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ტრაგედიას, ბოლო ინფორმაციით, მინიმუმ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევა 6 სექტემბერს, დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. Boeing 767-300 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც Amazon-ის სახელით ასრულებდა რეისს, პუერტო-რიკოს სან-ხუანიდან მაიამიში მიფრინავდა.

თვითმფრინავს მართავდა კომპანია 21 Air, რომელიც Amazon-ისთვის სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ ბილიკზე ვერ გაჩერდა, ბილიკიდან გადავიდა, გზა გადაკვეთა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა.

ადგილზე 60-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. თვითმფრინავის პილოტი და მეორე პილოტი კაბინაში იყვნენ ჩარჩენილი, მაშველებს კი ერთ-ერთი დაშავებულის ავტომობილიდან გამოყვანაც დასჭირდათ.

ტრაგედიის მასშტაბის გამო მაიამის აეროპორტში გარკვეული დროით ყველა ასაფრენი ბილიკი და ტაქსის გზა დაიხურა. ავიარეისების ნაწილი გაუქმდა, ასობით რეისი კი შეფერხდა.

რამ გამოიწვია ავარია? - ამ ეტაპზე ზუსტი მიზეზი უცნობია.

ავარიის დროს მაიამიში ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარიც ფიქსირდებოდა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ამინდის პირობებმა ავარიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

გამომძიებლები ასევე შეისწავლიან, ზუსტად სად შეეხო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს და რამდენად იყო შესაძლებელი მისი დროულად გაჩერება.