ლონდონმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარება რუსეთის გაყინული აქტივების ხარჯზე გადასცა

ჯონ ჰილი

ლონდონმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარება გადასცა რუსეთის გაყინული აქტივების ხარჯზე.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხა გამოყენებულია იარაღის შესყიდვისთვის და სხვა სახის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა აღნიშნული, რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული სახსრებით შესაძლებელი გახდა უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ასობით საზენიტო რაკეტის, შეიარაღებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შესყიდვა. ასევე, დაფინანსდება სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების რემონტი.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ბოლო 50 დღეში უკრაინამ უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან 4,7 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღი, 60 ათასი საარტილერიო ჭურვი, რაკეტა და სარაკეტო კომპლექსი, 2,5 ათასი დრონი, 200 რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა, 100 ერთეული მსუბუქი შეიარაღება, 30 სატრანსპორტო საშუალება და დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა უპილოტო საფრენ აპარატებთან გასამკლავებლად და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.