„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

დიოგუ ჟოტას ქორწილი

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.

დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.

28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.

ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.

დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.