კოლორადოში, ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერ აქციაზე მამაკაცმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა

კოლორადო

კოლორადოში, ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერ აქციაზე მამაკაცმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულებმა დამწვრობები მიიღეს, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა ერთ-ერთ პოპულარულ ღია სივრცეში, „პერლ სტრიტ მოლში“ მოხდა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკანდირებდა სიტყვებს „გაათავისუფლეთ პალესტინა“.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ აღნიშნული ფაქტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. ბიუროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმისთვის გამოიყენა „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა აალების საშუალებები. თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციის თქმით, იგი დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ შოკირებულია ინციდენტით და თავდასხმა „წმინდა ანტისემიტიზმად“ შეაფასა.