კოლორადოს ბიბლიოთეკაში წიგნი 105 წლის დაგვიანებით დააბრუნეს

წიგნი

კოლორადოს ბიბლიოთეკაში წიგნი 105 წლის დაგვიანებით დააბრუნეს. მისი ისტორია 1919 წლის 13 თებერვლიდან აითვლება, როდესაც მკითხველი ფორტ კოლინზის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრა და უოლტერ სკოტის "აივენჰო" გაიტანა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ წიგნი კუთვნილ ადგილს საბოლოოდ მაინც დაუბრუნდა.

„გასულ თვეს ქალმა მოგვაკითხა, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში მანამდე არასდროს ყოფილა. როგორც თქვა, აივენჰო მას ძმამ გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, წიგნი დედის ძველ ნივთებში იპოვა", - ამბობს ბიბლიოთეკის მენეჯერი, ანაკლერ კრამპტონი.

უოლტერ სკოტის წიგნის უკანა ყდაზე გატანის თარიღი ჯერ კიდევ ჩანს. ასევე, როგორც დათვალიერებისას აღმოჩნდა, უცნობმა ადამიანმა მისი დაბრუნების თარიღი ბიბლიოთეკას სამჯერ გაახანგრძლივებინა. ამ ეტაპზე მისი ვინაობის დამამტკიცებელი ჩანაწერი არ არსებობს და არც ის დასტურდება, იყო თუ არა იგი ის ადამიანი, რომლის ძველმანებშიც აივენჰო აღმოაჩინეს.

დაგვიანების გამო, ზოგადი წესის მიხედვით, მკითხველს ახლა $14 000 უნდა გადაეხადა. თუმცა ბიბლიოთეკამ ჯარიმა გაანულა. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სწორედ ისაა, რომ ეს ერთ-ერთი საკმაოდ ადრინდელი გამოცემა კოლორადოს კვლავ დაუბრუნდა.

ცნობისთვის, აივენჰო XIX საუკუნის შოტლანდიელი მწერლის, უოლტერ სკოტის ყველაზე ცნობილი რომანია. ის პირველად 1820 წელს გამოიცა. რომანი XII საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისსა და ნორმან დამპყრობელთა მიერ შევიწროებულ საქსონელებზე მოგვითხრობს.