კაცმა, მამის საფლავში, უცნობის გვამი აღმოაჩინა - უცხოეთი

დასაფლავება

აშშ-ის მცხოვრებმა მარკ უელსმა შემთხვევით შეიტყო, რომ მამის ნაცვლად სრულიად უცხო მამაკაცი დაკრძალა. ამის შესახებ გამოცემა SWNS წერს.

მარკმა აღნიშნა, რომ მამამისი, დეილ უეინ უელსი, 1985 წლის თებერვალში, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. რვა თვის შემდეგ, მისი სხეული მეუღლის სახლიდან ექვს კილომეტრში იპოვეს. გვამი ცხოველების მიერ იყო დაგლეჯილი, იქვე კი სამი მასრა ეგდო. მარკს, რომელიც იმ დროს ბავშვი იყო, უთხრეს, რომ მამამისი ნადირობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

როდესაც გაიზარდა, მამაკაცმა გაიგო, რომ მოატყუეს. მას მამის გაუჩინარების ნამდვილი გარემოებების გარკვევა სურდა და 2019 წელს ნეშტის ექსჰუმაციას მიაღწია. 2022 წელს, დაკრძალვიდან 37 წლის შემდეგ, მას დნმ-ის ტესტის პასუხები მოუვიდა. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საფლავში უცხო ადამიანი ესვენა. პოლიციამ მისი ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ შეძლო და ადამიანის გაუჩინარების საქმე ხელახლა გახსნა. მარკი აღშფოთებულია შეცდომით, რომელმაც 1985 წელს ჩათვალა, რომ ნაპოვნი ნეშტი სწორედ დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნოდა.

გასული ოთხი წლის განმავლობაში მარკმა ვერ ამოხსნა, თუ რა დაემართა მამამისს. „ეს, რა თქმა უნდა, საშინლად გამაღიზიანებელია, მე მხოლოდ პასუხის მიღება მინდა. თუმცა, როგორც ჩანს, რეალურად არავინ არის მზად, რომ დამეხმაროს“ - ამბობს ის.