კაროლ ნავროცკი: მე შევხვდები ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში, ყველა მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, როგორც პოლონეთის პრეზიდენტი

კაროლ ნავროცკი

პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

„რა თქმა უნდა, მე შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტების რაუნდის ფარგლებში. მე ყველა მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, როგორც პრეზიდენტი“, – განაცხადა ნავროცკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა ზელენსკისთან საუბარი, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ მას ზელენსკისთან „საუბარი მოუწევს“.

„მე მასთან საუბარი მომიწევს. პოლონეთსა და უკრაინას ბევრი საერთო ინტერესი, საერთო მიზანი აქვთ. ასევე არის ისეთი რამ, რაც დღემდე არ არის ახსნილი და არ პასუხობს პოლონელების საჭიროებებს ან პოლონელების ემოციებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონის საქმეები პარტნიორული წესით უნდა წარვმართოთ, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად“, – განაცხადა ნავროცკიმ.

ამასთან, პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ ისაუბრა.

„დღეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ის საომარ მდგომარეობაშია. მე წინააღმდეგი ვარ უკრაინის ევროკავშირში უპირობო გაწევრიანების. ბევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, წლების განმავლობაში ელოდებოდა ევროკავშირის კონკრეტული მოლოდინების დაკმაყოფილებას, მის ნაწილად ყოფნას“, – განაცხადა ნავროცკიმ.