კალიფორნიის გუბერნატორი პრეზიდენტ ტრამპს კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს - გევინ ნიუსომი ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის დანაყოფის გაგზავნას აპროტესტებს

ნკ

კალიფორნიის გუბერნატორი, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვითარების ესკალაციაში, კრიზისის შექმნის მცდელობასა და უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.

გევინ ნიუსომმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ოფიციალურად მოითხოვა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის განლაგების გადაწყვეტილება გაუქმდეს.

გუბერნატორი განმარტავს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი უკანონოა და შტატის სუვერენიტეტს არღვევს.

როგორც ნიუსომი X-ზე წერს, შტატს დემონსტრაციის მართვაში პრობლემები არ ჰქონდა, სანამ პროცესში ტრამპი არ ჩაერთო.

"ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაკავება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის", - წერს კალიფორნიის გუბერნატორი.

ცნობისთვის, კალიფორნიაში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათ წინააღმდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი გაგზავნა.

აქციის დაშლის დროს გამოყენებული იყო მხუთავი აირის ყუმბარები, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი აირი და ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი.