ჯეი დი ვენსი: ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასავლეთ სანაპირო არ იქნება ანექსირებული ისრაელის მიერ, ვინმეს თუ სურს, ჩაატაროს სიმბოლური კენჭისყრა, მაგრამ ჩვენ ეს არ მოგვწონს

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, ისრაელის პარლამენტის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსირების შესახებ წინასწარი კენჭისყრა „ძალიან სულელურია“.

როგორც ვენსმა აღნიშნა, კენჭისყრა იყო ძალიან „უცნაური“ და დამაბნეველი.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ეს იყო „პოლიტიკური ხრიკი“ და „სიმბოლური“.

„ძალიან სულელური პოლიტიკური ხრიკია და პირადად მე ამას შეურაცხყოფად ვიღებ. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ  დასავლეთ სანაპირო არ იქნება ანექსირებული ისრაელის მიერ. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკა და თუ ვინმეს სურს, ჩაატაროს სიმბოლური კენჭისყრა, დაე, ჩაატარონ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს ეს“, – განაცხადა ვენსმა.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ისრაელიც და „ჰამასიც“ ხელშეკრულებას იცავენ.

„არის მცირე მოლოდინი, რომ ხელშეკრულება აქა-იქ დაირღვევა. ეს მოსალოდნელია, როდესაც მხარეები ომში იყვნენ 2 წლის განმავლობაში. თუმცა ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტა დაცულია, მშვიდობა ნარჩუნდება და ვცდილობთ, მოვიფიქროთ, თუ როგორ ვაქციოთ ის ხანგრძლივად“, – განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები გაუძღვებიან „ჰამასის“ განიარაღების საკითხს.

„ამას გარკვეული დრო დასჭირდება და დამოკიდებულია ამ ძალების შემადგენლობაზე. ზოგიერთი ქვეყანა, ვფიქრობ, ძალიან კარგად გაუმკლავდება ამას, ზოგი კი იქნება ისეთი, რომელიც შეძლებს, შეასრულოს თავისი როლი, მაგრამ არ მგონია, რომ სასარგებლო იქნება. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რომელი ძალები მიიღებენ მონაწილეობას და რეალურად როგორ შევძლებთ სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებას“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ცნობისთვის, ისრაელის პარლამენტმა 22 ოქტომბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა ულტრამემარჯვენე ძალების მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ყველა დასახლებაზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებას ითვალისწინებს. ამავე დღეს დაამტკიცეს მეორე კანონპროექტიც, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას გულისხმობს. ამ კანონპროექტების დამტკიცების წინააღმდეგი იყო პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი პარტია „ლიკუდი“

ორივე კანონპროექტმა პლენარულ სესიებზე კიდევ სამი კენჭისყრა უნდა გაიაროს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.