იტალიაში რენუარის, სეზანისა და მატისის ტილოები 3 წუთში მოიპარეს

რენუარის, სეზანისა და მატისის ტილოები 3 წუთში მოიპარეს

იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას მილიონობით ევროს ღირებულების რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოპარულია რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები, რომელთა ღირებულებაც მილიონებს აღწევს.

პოლიციის განცხადებით, ოთხი ნიღბიანი კაცი ფონდ „მანიანი როკას“ ვილაში 22 მარტს შეიჭრა. მათ წაიღეს პიერ-ოგიუსტ რენუარის „თევზები“, პოლ სეზანის „ნატურმორტი ალუბლებით“ და ანრი მატისის „ოდალისკა ტერასაზე“.

იტალიური მედიის ცნობით, ქურდებმა შენობაში შესვლა და იქიდან გამოსვლა სულ რაღაც სამ წუთში მოასწრეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, მძარცველებმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს „შედევრების ვილის“ მთავარი კარიდან, რომელიც პარმას გარეუბანში მდებარეობს, და ნახატები შენობის პირველ სართულზე მდებარე ფრანგული დარბაზიდან გაიტაცეს.

ფონდში აცხადებენ, რომ ქურდები ორგანიზებულად მოქმედებდნენ და აშკარად მეტის მოპარვას აპირებდნენ, თუმცა მათი შეჩერება მუზეუმის სიგნალიზაციის სისტემამ შეძლო, რამაც ქურდებს მეტი ნახატის წაღების საშუალება არ მისცა.

გავრცელებული შეფასებით, მოპარული ნახატების საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს.