წვიმა, ძლიერი ქარი, სეტყვა - ამინდი მკვეთრად იცვლება
1752695040
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ მათ ცოტა ხნის წინ დამასკოში დრონებით იერიში მიიტანეს და სირიის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დაარტყეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სირიის რეჟიმის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დამასკოში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სირიულ მედიაში მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის არმიის შტაბ-ბინაზე ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა. ამასთან, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ ძლიერი დარტყმები დაიწყო.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ.
„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას, სულ მცირე, ორი დრონით მიაყენა დარტყმა.
გარდა ამისა, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ევროკავშირი შეშფოთებულია სირიაში დრუზებით დასახლებულ რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების გამო და ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი ყველა გარე აქტორს მოუწოდებს, სრულად სცენ პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადება ევროკავშირმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაიერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროზე.
ცნობისთვის, ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდაში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.
უმცირესობათა ბევრი თემი - მათ შორის დრუზები - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.
სირიის ომის მონიტორის ცნობით, სუვეიდას პროვინციაში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 248 ადამიანი დაიღუპა.
სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.